English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ იოსებ ხელაშვილი
მდგრადი განვითარების ტრანსდისციპლინური კვლევების აქტუალურობა ტურიზმში (საქართველოს რეგიონების მაგალითზე)

მდგრადი განვითარების კონცეფცია მიმართულია რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ეფუძნება საზოგადოებრივი პროცესების შესწავლას სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ გარემოსთან ურთირთკავშირით. კონცეფციის ეს თავისებურებები განაპირობებს ტურიზმის, როგორც კომპლექსური მოვლენის შესწავლის აქტუალურობას.

აღნიშნული კონცეფციის სრულყოფის მიმდინარე ეტაპზე, შემუშავდა ახალი, ე.წ. ტრანს-დისციპლინური მიდგომების მეთოდოლოგია. იგი გამიზნულია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შერწყმაზე, კომპლექსური პრობლემებში სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური კომპონენტების ურთიერთკავშირების გამოვლენასა და შესწავლაზე. ეს ხილული თუ ფარული სისტემური კავშირები განაპირობებს პრობლემების არსს, ხოლო მათი წარმატების გადაჭრა - მდგრად განვითარებას.

საქართველოს შავიზღვისპირა, მთიანი და დაცული ტერიტორიების ფარგლებში, გამოიკვეთა პრობლემები, რაც ავტორის აზრით, წარმოად- გენს ტრანსდისციპლინური კვლევის ობიექტს. ამავე კონცეფციის თანახმად, მსგავსი პრობლემების იდენტიფიცირება შესწავლის პირველი ფაზის ამოცანაა, რომელიც განსაზღვრავს შემდგომი კვლევების მიმართულებებს.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება, ტრანსდისციპლინარული მიდგომა, საქართველოს ტურიზმი.

ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების გლობალური მასშტაბები, მისთვის დამახასიათებელი ფართო და კომპლექსური კავშირებით გარემოსათან, სულ უფრო აქტუალურს ხდის ამ დარგთან დაკავშირებული პროცესების შესაწავლას თანამედროვე, მდგრადი განვითარების კონცეფციის პოზიციებიდან. ეს აქტუალურობა, ლოგიკურად ვრცელდება საქართველოზეც [1;2;10; 12;17], სადაც ტურიზმი ხდება ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება თავისი მრავალმნიშვნელოვანი თვისებებით და ზემოქმედებით სოციალურ, ეკონომიკურ და ბუნებრივ გარემოზე [13; 14].

მდგრადი განვთარება შედარებით ახალი კონცეფციაა, რომელიც ითავსებს როგორც თეორიულ და მეთოდიკურ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ სამოქმედო გეგმებსა და რეკომენდაციებს. ამ კონცეფციის განვითარების მიმდინარე ეტაპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა ე.წ. ტრანსდისციპლინური მიდგომების შემუშავება და გამოყენება. მისი მიზანია შეავსოს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შორის შექმნილი ვაკუუმი, გამოავლინოს და განაზოგადოს ურთიერთგანმსაზღვრელი სოცალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემები. ამ სისტემური პროცესების ცალკეული ასპექტები ემპირიულად აღიქმება პრაქტიკოსების მიერ, ცალკეულ სა- კითხებს იკვლევენ სხვადასხვა დარგის მეცნიერები, ზოგჯერ ერთობლივადაც კი, მაგრამ არ ხდეება მიღებული ცოდნის და გამოცდილების ერთიან სისტემაში გენერირება და ახალი პარადიგმების შემუშავება.

მოცემული სტატიის მიზანია მდგრადი განვითარებისა და ტრანს-დისციპლინური მიდგომების პოზიციებიდან იმ ტიპური პრობლემების გამოვლენა, რომელიც შეიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ კომპონენტებს. ამისათვის, განვიხილეთ მდგრადი განვითარების კონცეფციის ძირითადი თავისებურებები ტურიზმთან მიმართებით; შევისწავლეთ ტრანსდისციპლინური მიდგომის საკვანძო დებულებები; დაბოლოს, აღნიშნული კონცეფციების პოზიციებიდან, გამოვავლინეთ ცალკეული პრობლემები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომლებიც განსხვავდებიან თავისი ბუნებრივი, სოციალური და ეკონომიკური გარემოთი. აღსანიშნავია, რომ კვლევის მიზნიდან გამომდინარე, აქცენტი გაკეთდა იმ პრობლემებზე, რომლებიც ნაკლებად არის აღქმული საზოგადოებაში ან აღქმულია არასისტემურად. სისტემურობაში, მოცემულ კონტექსტში, იგულისხმება კომპლექსური პრობლემების სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური შემადგენლების ურთიერთკავშირი.

კვლევის მიმდინარე ეტაპზე, მიღებულ შედეგებს განვიხილავთ ტრანსდისციპლინური კვლევების საწყის ფაზად, რასაც, ამავე კონცეფციის მეთოდიკის თანახმად, უნდა მოჰყვეს პრობლემების სტრუქტურიზება, ანალიზი და შედეგების გენერირება ახალ ცოდნაში (პარადიგმაში). ამ ფაზებს განვიხილავთ მომავალი კვლევის ამოცანებად.

მდგრადი განვითარება წარმოადგენს კომპლექსურ, მრავალკომპონენტიან კონცეფციას. ამან განაპირობა განმარტებების სიმრავლე, რომლებიც ასახავენ მის სხვადასხვა თვისებებს და ასპექტებს. გამოვყოფთ, ჩვენი აზრით 5 საკვანძო დებულებებას, რომლებიც განზოგადებულად ასახავენ ამ მიდგომის ძირითად თავისებურებებს. კერძოდ ტურიზმის მდგრადი განვითარების კონცეფცია ითვალისწინებს:

1.ტურისტთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მომავალი თაობების მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობების გათვალისწინებით;

2.ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებას (დაბალანსებას), იგულისხმება - ტურისტების, ბიზნესის, ადგილობრივი მოსახლეობის, სახელმწიფოს და სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესები;

3.მოცემული დარგის (ტურიზმის) განვითარების ხედვას გარემოსთან კავშირში. გარემო პირობითად იყოფა სოციალურ, ეკონომიკურ და ბუნებრივ შემადგენლებად;

4.გარემოსთან ორმხრივ ურთიერთობას - დარგის ზეგავლენას ბუნებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარემოზე და ამ გარემოს ზეგავლენას ტურიზმის განვითარებაზე;

5.პროცესების განვითარებას ტურიზმის დანიშნულების ადგილებში (დესტინაციებში).

ტრანსდისციპლინური კონცეფციის წარმოქმნა განაპირობა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის პარალელურმა განვითარებამ, ისე, რომ მათ შორის კავშირი დროთა განმავლობაში სულ უფრო იკარგებოდა. შესაბამისად, იზრდება ამ ორი მიმართულების შერწყმის აქტუალობა. ტურიზმის სფეროშიც შეიმჩნევა ცალკე პრაქტიკულ საქამიანობაში ჩაბმული პირების ემპირიული ცოდნის დაგროვება და ცალკე, მდგრადი განვითარების თეორიული დებულებების განვითარება. მეტიც, ტურიზმი, როგორც გამოკვეთილად კომპლექსური მოვლენა, სხვადასხვა საბუნებისმეტყველო, სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების კვლევის ობიექტია, მაგრამ არ ხდება მიღებული დარგობრივი ცოდნის ერთიან სისტემაში განზოგადება და მოვლენების სისტემური გაანალიზება. ეს კი მნიშვნელოვანია პრობლემების რაციონალური გადაჭრის გზების გამოსავლენად და დარგის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

ტრანსდიციპლინური მიდგომის დანიშნულებაა ამ ვაკუუმის შევსება, მეცნიერების პრაქტიკასთან უფრო მჭიდრო დაკავშირებით და მრავალასპექტიანი პრობლემების სხვადასხვა პოზიციიდან ერთიანი და კომპლექსური შესწავლით [16, გვ.4].

ტრანსდიციპლინური მიდგომის განსხვავება სხვა მიდგომებისაგან ვლინდება ავსტრიელი მეცნიერების ქვემოთმოყვანილ განმარტებებში [16]: მონოდისციპლინური (ანუ ინტრადისციპლინური) მიდგომა - გულიხმობს შესწავლას ერთი კონკრეტული მეცნიერების პოზიციიდან; მულტიდისციპლინური მიდგომა ნიშნავს ერთი თემის შესწავლას მეცნიერების განსხვავებული დარგების პოზიციებიდან, მიღებული შედეგების სინთეზის გარეშე; ინტერდისციპლინური მიდგომა ითვალისწინებს კომპლექსური პრობლემის შესწავლას მეცნიერების სხვადსხვა დარგის პოზიციებიდან, მიღებული შედეგების სინთეზით. ამ მიდგომას შეიძლება ეწოდოს: ~ მეცნიერება - საზოგადოებისთვის~; ტრანსდისციპლინური მიდგომა გულისხმობს კომპლექსური პრობლემის შესწავლას მეცნიერების სხვადასხვა დარგის პოზიციებიდან და, რაც მთავარია, ამ პრობლემასთან დაკავშირებით პრაქტიკული ცოდნის შერწყმას თეორიულ ცოდნასთან. ეს უკანასკნელი შეიძლება გააჩნდეს და გააჩნიათ ადგილობრივ მოსახლეობას, ორგანიზაციებს და კომპანიებს, მეცნიერებს, რომლებსაც აქვთ კავშირი გამოსაკვლევ პრობლემებთან. ასეთმა მიდგომამ დაიმკვიდრა სახელი - "მეცნიერება საზოგადოებასთან ერთად". იგივე ავტორები, აღნიშნავენ, ცოდნის შემდეგ კატეგორიებს: მეცნიერული (science-episteme); პრაქტიკული (life-world action - praxis); ტექნოლოგიური (production - poiêsis); და გონივრული (prudence - phronêsis). [15]. გასათვალისწინებელია, რომ ტრანსდისციპლინური მიდგომა არ ნიშნავს სხვადასხვა მეცნიერების მეთოდებისა და მიდგომების კრებულს, იგი უნდა განვითარდეს სპეციალური პარადიგმების შემუშავების გზით [15, გვ. 7].

ტრანსდისციპლინურ კვლევებში ექსპერტები, როგორც წესი, გამოყოფენ 3 ძი- რითად ფაზას [15, გვ.6,19]:

1.პრობლემის იდენტიფიცირება და სტრუქტურიზება (Problem Identification and Structuring);

2.პრობლემის ანალიზი და გამოკვლევა (Problem Analysis);

3.შედეგების მიღება (Bringing Results to Fruition).

მათი დეტალიზაცია და მოდიფიკაცია დამოკიდებულია კონკრეტულ კვლევაზე.

ტრანსდისციპლინური კვლევის ტიპური ამოცანებია:

-პრობლემის კომპლექსურობის გამოვლენა;

-პრობლემის პრაქტიკულ და მეცნიერულ აღქმას შორის განსხვავების გათვალისწინება;

-აბსტრაქტული ცოდნის დაკავშირება პრობლემის კონკრეტულ ცოდნასთან;

-იმ ცოდნისა და პრაქტიკული ქმედებების გამოვლენა, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთო ინტერესებში შემავალი შედეგის მიღებას. ასეთ შედეგს დაერქვა "საერთო პროდუქტი", ხოლო მის მისაღებად საჭირო თეორიულ და პრაქტიკული ცოდნის ერთობას - "მიზნობრივი ცოდნა" [15, გვ. 4-5, 19, 428, 430; 16].

საქართველოში ტრანს-დისციპლინური პრობლემების მაგალითების გამოსავლენად, ვიხელმძღვანელეთ ზემოთაღწერილი მიდგომებით. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა კომპლექსური პრობლემების შემადგენელი კომპონენტების ურთიერთკავშირის გამოვლენაზე და არა მათი ცალკეული ასპექტების სიღრმისეულ ანალიზზე. როგორც აღინიშნა, ტრანსდისციპლინური კვლევის პირველ ფაზას წარმოადგენს ამ სახის პრობლემების იდენტიფიცირება. ქვემოთ განიხილება ამ კუთხით გამოყოფილი სავარაუდო პრობლემები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

შავიზღვისპირა რეგიონი. საქართველოს გააჩნია 310 კმ-იანი ზღვის სანაპირო, 4-5 თვიანი საბანაო სეზონით. მის ცალკეულ მონაკვეთში, ტურიზმის განვითარების ტენდენციები შეიცავს კომპლექსური ხასიათის რისკებს. ქვემოთ აღვნიშნავთ იმ თავისებურებებს და პრობლემებს, რომელთა ფორმირებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ადგილობრივი ბუნებრივი თუ სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებები.

მთის ფერდობების სიახლოვე სანაპიროსთან აჭარის და აფხაზეთის მონაკვეთებში, დიდ უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივ ბუნებას ხედების მიმზიდველობის მხრივ. ამასთან, ზღვასთან ახლოს მდებარე, მკვეთრად დახრილი ფერდობები ზრდიან ჩამდინარე წყლების ენერგიას და მთიანი დასახლებებიდან ნარჩენი მასალების ჩამოზიდვის ინტენსივობას. ტურიზმზე ზეგავლენის თვალსაზრისით ეს მასალა სულ ცოტა სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

ა) მთიანი სოფლების კომუნალური და სამეურნეო ნარჩენები, რაც იყრება და ისხმება მდინარეებში, ქმნის პრობლემებს სანაპირო კურორტებისათვის. ბუნებრივია, რომ ამ მასალის ერთი ნაწილი ხვდება ზღვის რეკრეაციულ წყლების ზონაში და პლაჟებზე. მთიან სოფლებში, კომუნალური ნარჩენების ადგილიდან გატანას, გადამუშავებას ან შესაბამისი ინფრასტუქტურის მოწყობას ართულებს და აძვირებს ამ დასახლებების მდებარეობა და გაფანტულობა ძნელად მისაღწევ ადგილებში. დაბინძურების ამ წყაროს ემატება, სანიტარული თვალსაზრისით მოუწყობელი ტურისტთა განთავსების საშუალებები, დამსვნებელთა კვების და სხვა მომსახურების მრავალრიცხოვანი ობიექტები, ასევე თავად ტურისტების მიერ დატოვებული ნარჩენები. შედეგად, დაბინძურება განსაკუთრებით მატულობს ივნის-სექტემბრის საკურორტო სეზონის პერიოდში, რაც პერიოდულად ეპიდემიების გამოვლენებში გადადის. კვლევებმა აჩვენეს, რომ სწორედ აჭარაში შეიმჩნევა ნაწლავური დაავადებების განსაკუთრებულად ხშირი შემთხვეევი ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით. მაგალითად, 2014 წელს აქ დაფიქსირდა 2620 შემთხვევა, აქედან 55-60% მოდის ივნის-სექტემბრის  ტურისტულ სეზონზე. შედარებისათვის, მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი სულ 900-მდე შემთხვევით [4, გვ.55]. ამრიგად, ადგილობრივი მოსახლეობა დაინტერესებულია ტურიზმის ინდუსტრიის ზრდით, თუმცა, არსებულ ვითარებაში, იგი პარალელურად გაზრდის აღნიშნულ რისკებს და პრობლემებს, რამაც შესაძლოა საკუთრივ დარგზე მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა "იმიჯის" გაურესებით, ტურისტთა ნაკადების მოულოდნელი შემცირებით, პლაჟების დანაგვიანებით.

ბ) მდინარეების მიერ შესართავამდე მოტანილი ნაშალი მასალა, რომელიც აბალანსებს ზღვის ტალღების და დინებების მიერ სანაპიროდან გარეცხილ ქვიშა-ქვას (ანუ აბრაზიის პოცესს). ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი პროცესის ინტენსივობის ცვალებადობა იწვევს ზღვის სანაპიროს კონფიგურაციის შეცვლას. ექსპერტებმა შეისწავლეს, რომ მე-XX საუკუნის დასაწყისამდე აჭარის სანაპირო ზოლის მდინარეებს იმაზე მეტი მყარი მასალა ჩამოქონდა, ვიდრე ეს საჭირო იყო ნაპირის დინამიკური წონასწორობის შესანარჩუნებლად. ამის შედეგად, სანაპიროს თითქმის მთელ ზოლში განვითარებული იყო საშუალოდ 20-40 მეტრის, ზოგ მონაკვეთებზე კი 40-60 მეტრის სიგანის პლაჟები [8, გვ 70]. პლაჟების მატებამ ხელი შეუწყო ტურიზმის სწრაფ განვითარებას. შემდგომში, დამცავი დამბების, ნავსადგურის, ინერტული მასალის ქარხნების და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობამ შეცვალა სანაპირო ზოლის კონფიგურაცია. ამის შედეგად, ბევრ საკურორტო და რეკრეაციულ ზონას შეექმნა პრობლემები პლაჟების შემცირების, გაქრობის და კომუნიკაციების დაზიანების გამო [8, გვ 70]. მიდგომა რადიკალურად შეიცვალა 1982-91წლებში. ამ დროს "...შეტანილ იქნა დიდი რაოდენობის ინერტული მასალა, რამაც პლაჟების ფართობი 54 ჰა-ით გაზარდა [8, გვ 70]. 1992 წლიდან 2007 წლამდე ნაპირდამცავი სამუშაოები შეწყდა რთული ეკონომიკური პირობების გამო და მერე ისევ განახლდა [8, გვ. 70-71]. იმავდროულად, გააქტიურდა პლაჟების გამორეცხვის პროცესებიც. ამის ერთი მთავარი მიზეზია მდ. ჭოროხის ზედა წელში თურქეთის კაშხლების მშენებლობა. ეს მდინარე სანაპირო ზოლის მასაზრდოებელი უმთავრესი წყაროა და ეხლა პრაქტიკულად შეწყდა ნაპირების კვება მყარი ნატანით. მეორე მიზეზია, ტალღების ბუნებრივი გააქტიურება გლობალური დათბობის შედეგად [8, გვ 69-71]. ექსპერტების განცხადებით, ბოლო წლებში წარეცხილი სანაპირო ხმელეთის ფართობმა რამდენიმე ასეულ ჰა-ს გადააჭარბა და აჭარის სანაპირო ზონის განვითარების თანამედროვე მორფოდინამიკა შეფასებულია, როგორც სტიქიური უბედურების მაღალი რისკის შემცველი ზონა. [4, გვ 6-7]. ამასთან, აჭარა დღემდე წარმოადგნეს ტურიზმის აქტიური განვითარების რეგიონს, შესაბამისი ინვესტიციებით, შემოსავლებით, ინფრასტრუქტურის განვითარებით და სამუშაო ადგილების შექმნით. ამიტომ, პლაჟების აღდგენას, ერთი მხრივ, დიდი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა ენიჭება. მეორე მხრივ კი, ასეთი აღდგენითი ღონისძიებები დიდ ხარჯებთან არის დაკავშრებული. მაგალითად, ბათუმის სამხრეთის, მოკლე, 1,8 კმ-იანი ზონის გამაგრებითი სამუშაოების პროექტი მოითხოვს 12 მლნ ევროს [5].

შედარებისთვის აღვნიშნავთ, რომ ეს ოდენობა აჭარის ბიუჯეტის 16%-სშედგენს. შედეგად ვიღებთ კონფლიქტურ ვითარებას ერთმანეთთან დაკავშირებულ ბუნებრივ და სოციალურ და ეკონომიკური პროცესებს შორის.

გ) შხამ-ქიმიკატები, ნიტრატები და ფოსფატები, რომლებიც გამოიყენება ად- გილობრივ სოფლის მეურნეობაში. მათი ნარჩენები მდინარეს ჩამოაქვს ზღვის სანაპირო ზონის რეკრეაციულ წყლებში, განსაკუთრებით შესართავებში და მერე ზღვის დინებებს გადააქვთ სანაპიროს სხვა მონაკვეთებზე. აღნიშნული ქიმიკატები აფუჭებს რეკრეაციული წყლის ხარისხს და ხელს უწყობს წყლის ევტროფიკაციას (იგივე ჰიპერტროფიზაცია), რაც ნიშნავს წყლის ზედმეტად გაჯერებას ბიოგენური ელემენტებით და ბიოლოგიური ფუნქციების გააქტიურებას. ამ პროცესს წყლების "დაბერებას" ან "დაჭაობებას" უწოდებენ. ის აფუჭებს რეკრეაციული წყლის ხარისხს. მართალია, შავი ზღვის დინებებისა და ფსკერის რელიეფის გამო, ეს პრობლემა ამ ეტაპზე ნაკლებად არის მოსალოდნელი, მაგრამ არ გამოირიცხება დაბინძურების შემდგომი ზრდის შედეგად. სპეციალისტების გამოკვლევით, 1970-იან და 1990-იან წლებს შორის პერიოდში ადგილი ჰქონდა ნიტრატის კონცენტრაციის მაქსიმუმის ორ-სამჯერ ზრდას. იმავე პერიოდში შვიდჯერ არის გაზრდილი ფოსფატის კონცენტრაცია ჩრდილო-დასავლეთ შელფზე [8, გვ. 72]. ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული კვების პორდუქტებით მომარაგებასთან, ხოლო ეს უკანასკნელი ტურისტული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან. ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტთა და ტურისტების მომსახურე კვების ობიექტები მარაგდებოდეს ადგილობრივი ნაწარმით. ეს შეამცირებს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გადინებას იმპორტზე და გაზრდის დასაქმებას. ამრიგად, ისევ ვლინდება ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების წინააღმდეგობრივი კავშირები.

მთიანი რეგიონები. საქართველოს ტერიტორიის 54% უკავია მთიან რელიეფს, ხოლო დაცულ ტერიტორიებს ქვეყნის საერთო ფართობის 8,62%. ზოგადად მთიან რეგიონებს ახასიათებს პრობლემის წარმოქმნის განსაკუთრებულად მაღალი რისკი. ეს რისკები შესაძლოა გამოწვეული იყოს ეკონომიკური საქმიანობის, მათ შორის ტურიზმის, განვითარებით ან თვით, განვითარებული ეკონომიკური საქმიანობა მოექცეს ბუნებრივი კატაკლიზმების ზემოქმედების ქვეშ. ასეთი რისკის მატარებელი ბუნებრივი პროცესები და მოვლენებია: ეროზია, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი, მიწისძვრები, წყალდიდობები და სხვა.

მაღალმთიანი რელიეფის სპეციფიკა. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მაგალითად ტურისტულად მნიშვნელოვან მდ. არაგვის შუა და ზემო ნაწილში, მესტიის რაიონში) ხშირია მდინარეებიის მიერ ფორმირებული მკვეთრად დახრილი ფერდობები, რომლებსაც "V"-სებურ  ხეობებს უწოდებენ. განსხვავებით, მაგალითად, ალპების მთებისაგან, სადაც ხშირია, მყინვარების მიერ გამომუშავებული, ბრტყელ-ძირიანი ტროგები, ე.წ. "U"-სებური ხეობები. ვიწრო ხეობები ზღუდავს ტურისტული ობიექტების (სასტუმროების, რესტორნების, ბარების და ა.შ.) განაშენიანების სივრცეს, აშორებს და შესაბამისად აძვირებს ტურისტული არეალების მომსახურე და მომმარაგებელი ობიექტების განლაგებას (კლასტერის სივრცობრივ მოწყობას), მათ შორის დასაქმებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებს. დახრილი ფერდობები ზრდის ეკოლოგიურ რისკებს და უფრო მგრძნობიარეს ხდის სტიქიური მოვლენების მიმართ. კვლევებმა გამოავლინა, რომ "90-იანი წლებიდან მოყოლებული პროცესების საშუალო ფონს ზემოთ გააქტიურება აღინიშნება თითქმის ყოველ წელს, ხოლო მათი ექსტრემალური გამოვლინების ინტერვალები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. აღნიშნული პროცესების უარყოფითი მოქმედების არეალში ექცევა სულ ახალი და ახალი ტერიტორიები, დასახლებული პუნქტები, საინჟინრო-სამეურნეო ობიექტები და სხვ." [6, გვ 44]. მაგალითისთვის აღვნიშნავთ ხულოს ხეობაში ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის ზეგავლენას გარემოზე. ამ მშენებლობამ გამოიწვია გრუნტის წყლების რეჟიმის შეცვლა, რის შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას შეუწყდათ და მნიშვნელოვნად შეუმცირდათ წყაროს წყლები, რომლებსაც იყენებდნენ როგორც, პირადი მოხმარებისთვის ასევე, სარწყავად. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, დარჩენილი წყაროები ნაკლებადაა გამოსადეგი დასალევად. ამას გარდა, ცალკეულ უბნებში გამოიფიტა ნიადაგი, გამეჩხერდა მცენარეული საფარი, შემცირდა მოსავლიანობა, ხელი შეეწყო მეწყერების განვითარებას, ხოლო გახშირებულმა მეწყერებმა დააზიანეს რამოდენიმე საცხოვრებელი სახლი, რაც ბევრი მოსახლისათვის წარმოადგენს მამა-პაპისეულ კულტურულ ღირებულებას. ბუნებრივია, ყველაფერი ეს არ არის მარტო გვირაბის მშენებლობით გამოწვეული, მაგრამ მისი როლი ამ მოსახლეობის მიერ განცხადებული პრობლემების განვითარებაში უდავოა. ეს იმითაც დასტურდება, რომ კომპანიამ და მთავრობამ ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეული კომპენსაცია გადაუხადეს [9]. ზოგადად, ქვეყნის მთიან რეგიონებში რთული სამეურნეო პირობების გამოძახილია მთელი რიგი საკანონმდებლო და ეკონომიკური შეღავათების დაწესება და სახელმწიფოს მიერ მთიან რეგიონებში გზების გაყვანის და გაფართოვების ამბიციური გეგმების მიღება. ამრიგად, ვლინდა პროცესები, რომლებიც ქმნიან ხელსაყრელ პირობებს ეკონომიკის და ბიზნესის გააქტიურებისათვის, რაც თავის მხრივ შეიცავს კომპლექსური პრობლემების გამოვლენის რისკებსაც. ეს უკანასკნელი ზრდის კვლევების გაგრძელების აქტუალობას, მათ შორის მდგრადი განვიათარების კუთხით.

მთიანი ტერიტორიების ეკოლოგიური პრობლემები, ხშირად განპირობებულია სხვა სახის სოციალური და ეკონომიკური ფაქტორებითაც. ერთი ასეთი გავრცელებული პრობლემაა ტყის უკანონო გაჩეხვა, რომელიც ხდება ზამთარში სახლების გათბობის, ასევე შეშის გაყიდვის მიზნით. ამის ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია მთის რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდული არჩევანი. სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია გარკვეული ობიექტების მშენებლობა, მათ შორის ტურისტული ან ტურიზმის მომსახურებასთან დაკავშირებული ნაგებობების, სათხილამურო ტრასების მოწყობა და სხვა. ეს მშენებლობა ზოგჯერ ვრცელდება საძობრების ტერიტორიაზე, რაც შესაძლოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენდეს, ვიდრე მოკლევადიანი ტურიზმი. სწორედ ამ პრობლემამ იჩინა თავი, მაგალითად, აჭარის მთიან სოფელში - გომარდულში. ამასთან, ტურიზმმა, მისი რაციონალური განვითარების პირობებში, შეიძლება შეასრულოს არსებული პრობლემების გადაჭრის ფუნქცია, სამუშაო ადგილების და ალტერნატიული შემოსავლების შექმნით. ტურიზმის თავისებურებაა ის, რომ მისი განვითარებისთვის ხშირად გამოიყენება ისეთი რესურსები, რაც არ მოიხმარება ეკონომიკის სხვა დარგებში. იგულისხმება მთის მწვერვალები, ე.წ. "სათავგადასავლო ბილიკები", ხედები და პეიზაჟები, კულტურულ-ისტორიული ძეგლები, ადგილობრივი კულტურული ტრადიციები.

კლიმატის ცვლილების, ანუ გლობალური დათბობის ზეგავლენა მთიან რეგიონებზე ვლინდება ზვავების, ეროზიების, მეწყერების, ღვარცოფების, წყალდიდობების, ტყეების თვითაალების და სხვა სტიქიური მოვლენების კიდევ უფრო გააქტიურებაში. ექსპერტების აზრით, "სტიქიური კატასტროფული პროცესების განვითარების მასშტაბით, დროში განმეორებადობითა და მიყენებული ეკონომიკური ზარალის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს მთიან მხარეთა ურთულეს რეგიონს წარმოადგენს". მათივე დასკვნით "...გამოწვეული უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური და გეოეკოლოგიური შედეგები მეურნეობის ყველა სფეროს მოიცავს" [3, გვ 28-29].

სტიქიური მოვლენების რისკები შედარებით მაღალია სვანეთში, ყაზბეგის რაიონში, მთიან აჭარაში, სადაც ვითარდება ახალი საკურორტო ინფრასტრუქტურა და ფართოვდება ტურისტთა აქტივობა. (შედარებისათვის აღვნიშნავთ, რომ ამ მხრივ პრაქტიკულად ურისკო ადგილის მაგალითია კურორტი ბაკურიანი). ბიზნესზე ზეგავლენის თვალსაზრისით, სტიქიური მოვლენების ტიპური შედეგებია გზის ჩახერგვა, შენობების დაზიანება, ინფრასტუქტურის მწყობრიდან გამოსვლა. მაგალითისათვის აღვნიშნავთ ტურისტთა მოთხოვნების ზრდის შედეგად საკალმახე მეურნეობის პოპულარიზაციას გასულ წელს. ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაება ამ ბიზნესში, მათ შორის სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით. მაგრამ, მალე ბევრი მეწარმე გაკოტრდა ან მიატოვა ეს საქმიანობა. ადგილობრივი ექსპერტებისა და თავად მეწარმეების განცხადებით, მიზეზთა შორის, ყველაზე მნიშვნელოვნი იყი გახშირებული წვიმა და წყალდიდობები. ერთი მხრივ, არასათანადოდ აღჭურვილი მეურნეობები ადვილად ზიანდებოდა ამ ბუნებრივი მოვლენებით. მეორე მხრივ, მეწარმეები არ ან ვერ იღებდნენ საკმარისი რაოდენობის სესხებს მეურნეობის უკეთ მოწყობისთვის და არ ან ვერ აზღვევდნენ თავიანთ ბიზნესს. ამის მიზეზი არის კერძო ბანკებისა და სადაზღვეო კომპანიების ნაკლები დაინტერესება მაღალი რისკის შემცველი ბიზნესით ან მათი მომსახურების სიძვირე. შედეგად, 2017 წყლის დასაწყისში არსებული 64 ფერმიდან, 7 თვეში შემორჩა სულ 24. ამასთან, ტურისტთა მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იზრდება ამ პროდუქტის იმპორტი [9]. ამის საპირისპიროდ, ადგილობრივი პირობების დადებით მხარეთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთელ საქართველოში თითქმის არ არსებობს ტყეების თვითაალების პირობები, განსხვავებით, მაგალითად, ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონისგან ან კალიფორნიის მთის ტყეების ზონისგან, სადაც ჰაერის ტემპერატურის მაქსიმუმი ემთხვევა წლის ყველაზე მშრალ პერიოდს. ამ ვითარებაში ხშირია ტყეების თვითაალება).

დაცული ტერიტორიების პრობლემები. საქართევლოში დღეისათვის არის 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 19 აღკვეთილი, 41 ბუნებრივი ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტი [7]. აქ ვლინდება არაერთი ურთიერთდაკავშირებული ეკოლოგიური სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემა. საქართველოში მათ არა აქვთ მიღებული მწვავე ფორმები, მაგრამ ტურიზმის შემდგომი განვითარების გათვალისწინებით, არსებული სირთულეები უკვე იმსახურებს ყურადღებას. დღეისათვის გამოვლენილ პრობლემებს შორის აღინიშნება (სიმწვავის თანამიმდევრობით): ტყის გაჩეხვა, ძოვება, ნადირობა, სხვა სამართლებლივი დარღვევები, თევზაობა და თევზაობის წესების დარღვევა [11]. პრობლემად რჩება ასევე დანაგვიანება ტურისტების მიერ დატოვებული ნარჩენებით, ადგილზე განხორციელებული მშენებლობების მიწისა და კლდოვანი ქანების ნაყარით და სხვა. უფრო მძიმე შედეგები მოაქვს გაუფრთხილებლობით ან ხელოვნურად გაჩენილ ხანძრებს, რაც მოხდა, მაგალითად, ბორჯომ-ხარაგაულის ტერიტორიაზე 2008 წლის აგრესიის შედეგად, წაღვერში 2017 წლის 26 ივნისს, დამსვენებელთა და ადგილობრივი მოსახლეობის გაუფრთხილებლობით. მსგავსი პრობლემების დაძლევა დაკავშირებულია დამატებითი ხარჯების გაწევასთან ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა: დასუფთავების სამუშაოების ორგანიზება, ნაგავსაყრელების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა, რეგულირებების მიღება და კონტროლის დაწესება, ტურისტთა ქცევის კულტურის ამაღლების საინფორმაციო აქციების ჩატარება და სოციალური რეკლამების გამოშვება. უფრო მძიმე ეკოლოგიური შედეგების აღმოფხრა, როგორიცაა, მაგალითად, ტყის ხანძრების შედეგები, დაკავშირებულია მრავალწლიან სამუშაოებთან. ეს გარემოება ზრდის დაცული ტერიტორიების დაფინანსების მნიშვნელობას. ფინანსურ უზრუნველყოფას, ძირითადად ახორციელებენ სახელმწიფო სტრუქტურები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა არაკომერციული დაწესებულებები. ამასთან, თავისი როლი შეიძლება შეასრულოს კომერციული ტურიზმის განვითარებამაც, როგორც დაცული ტერიტორიებს თვითდაფინანსების ერთადერთმა წყარომ. დაფინანსებაში ასეთი თანამონაწილეობა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი გარემოებაა ეკონომიკურად არამომგებიანი და იმავდროულად ხარჯიანი ობიექტებისთვის. ამასთან, ტურიზმის განვითარებას შეიძლება ჰქონდეს სხვა სოციალური და ეკონომიკური სარგებელიც. მაგალითად, ექსპერტების განცხადებით, მარტვილის კანიონის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე დაიხარჯა 1 200 000 ლარი, რამაც სულ 4 თვეში მოიზიდა 70 000-ზე მეტი ტურისტი და მოიტანა 700 000 ლარი შემოსავალი, მიმდებარე ტერიოტორიებზე მოსახლეობამ გახსნა მაღაზიები, კვების ობიექტები და საოჯახო სასტუმროები. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გიდობა და ტურების დაგეგმვა დაიწყეს [13]. მათივე ინფორმაციით, ზოგადად, საქართველოში დაცული ტერიტორიების მიმდებარე მოსახლეობის დასაქმება გაიზარდა 28%-ით. [13]. მეორე მსგავსი მაგალითია თუშეთი, სადაც ამჟამად "... 47 საოჯახო სასტუმროა, რომელიც კიდევ ვითარდება და ვიზიტორების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. თუშეთში უკვე 13 000 ვიზიტორი დაფიქსირდა" [11].

* * *

ჩატარებული კვლევა წარმოადგენს საქართველოს რეგიონების მაგალითზე  ტურიზმის მდგრადი განვითარეების ტრანსდისციპლინური მიდგომების გამოყენების პირველ მცდელობას. გამოვლინდა ამ დარგთან დაკავშირებული პრობლემების და რისკების ერთი ჯგუფი. გაანალიზებული იქნა მათი ხილული ასპექტების ურთიერთკავშირი ნაკლებად ხილვად, სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პროცესებთან. მიღებული შედეგები ცხადყოფს ტრანსდისციპლინური მიდგომების მნიშვნელობას ტურიზმის მიმდინარე პროცესების შესწავლაში და ამ სფეროს რაციონალური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში. მსგავსი პრობლემების იდენტიფიცირება შესწავლის პირველი ფაზის ამოცანაა, რომელიც განსაზღვრავს შემდგომი კვლევების მიმართულებებს.

ლიტერატურა:

1.ადეიშვილი დ. დღის წესრიგი: მდგრადი განვითარების მიზნები - 2030. 12.10.2015. http://european.ge/dghis-wesrigi-mdgradi/

2.ადეიშვილი დ. საქართელოს მდგრადი განვითარების კონცეფციისათვის. 28.05.12. http://european.ge/saqartvelos-mdgradi-ganvitarebis-koncefciistvis/

3.ამილახვარი ზ. ეგზოდინამიკური და ეკოლოგიური პროცესების გამოკვლევა საქართველოს ტერიტორიაზე ძიების გეოფიზიკური მეთოდებით. დისერტაცია. თბილისი 2006;http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000059/Disertacia.pdf

4.აჭარის სანაპიროს ზვირთცემით წარეცხვის პრობლემა. Report. EU-CaucasusEnvironmental NGO Network. 2015. http://w3.cenn.org/wssl/uploads/Discussion%20 Paper–Adjara–FINAL.pdf

5.ბათუმის ნაპირგამაგრებისათვსის 12 მილიონი ავრო დაიხარჯება. ბათუმელები. 28.08.16.http://batumelebi.netgazeti.ge/ambebi/54984/#sthash.9lfBOsl6.yP957NUW. dpbs

6.ბუნებრივი საფრთხეები საქართველოში. http://drm.cenn.org/paper–atlas/RA-part-3.pdf

7.ეკოფაქტი. https://ekofact.com/2012/05/25/საქართველოს-დაცული-ტერიტ/

8.მდინარე ჭოროხი‐აჭარისწყლის აუზის მართვის გეგმა სანაპირო და გარდამავალი წყლები. მდინარეთა აუზების საერთაშორისო გარემოსდაცვითი პროექტი კონტრაქტი № 2011/279‐666. საქართველოს გარემოს და ბუნების დაცვის სამინისტრო.თბილის 2016 პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. -ფერი. http://www.rec-caucasus.org/files/publications/pub–1469445397.pdf

9."მთავარი". აჭარის ტელევიზია. 29.07.2017.

10.საქართველოს ტურიზმის სტრატეგია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.http://gnta.ge/wp-content/uploads/2015/01/საქართველოს-ტურიზმის-სტრატეგია.pdf

11.სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი თბილისი 2015. http://www.enpi-fleg.org/site/assets/files/2044/law–enforcement–in–protected–areas–forests–training–module–geo–eiec.pdf

12.ჭარაია ვ. - მდგრადი განვითარების შესაძლებლობები საქართველოსა და ევროკავშირში. ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი. N1. თბილისი, 2015 http:// ies.tsu.edu.ge/data/file–db/Journal/Georgian–Journal–for–European–Studies.pdf

13.Business Media Georgia. 19.11.2016; http://www.bm.ge/ka/article/quotdaculi- teritoriebis-mimdebare-mosaxleobis-dasaqmeba-28-it-gaizardaquot/7501)

14.Georgian Tourism in Figures. Structure and Industry Data. GNTA. 2016. http://gnta. ge/wpcontent/uploads/2016/06/2015-eng..pdf

15.Hadorn G., etc Handbook of Transdisciplinary Research. Springer, 2008.

16.Muhar A., Mitrofanenko T., Transdisciplinarity in Research and Teaching. etc University of Natural Resources and Life Sciences, Vienna (BOKUTransdisciplinarity in Research and Teaching. Teacher Workshop 1 CaucaSusT Project, Yerevan, April 2017.

17.Travel & Tourism Economic Impact 2015 Georgia. WTTC. 

https://www.wttc.org/-/mediafiles/reports/economic%20impact%20research/countries%202015/georgia2015. pdf